June 7, 2013

"ვინც თალიბანის სახელით გაკეთებული ვიდეო ატვირთა, ავღანეთში ქართულ ბაზაზე თავდამსხმელებთან კავშირში იყო"

ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის განცხადებით, "ვინც თალიბანის სახელით გაკეთებული ვიდეო ატვირთა, ავღანეთში ქართულ ბაზაზე თავდამსხმელებთან კავშირში იყო".


ამის შესახებ არეშიძემ "პრაიმტაიმის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არეშიძის თქმით, მხარეები შეეცდებიან ერთმანეთს გადააბრალონ აღნიშნული ვიდეოს შექმნა და ატვირთვა, თუმცა კითხვის ნიშნებს ბადებს, დროში დამთხვევა ავღანეთში ქართულ ბაზაზე თავდასხმასთან.

"ვფიქრობ, ვინც ვიდეო ატვირთა, კავშირში იყო მათთან, ვინც ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს თავს დაესხა. ასევე, ამასთან კავშირშია 26 მაისის ფაქტი. ვგულისხმობ პრეზიდენტის გამონათქვამებს, რომელიც ეთერში შემთხვევით არ მოხვედრილა. სპეციალურად მოახერხეს აქცენტირება ქართულ კონტინგენტზე, რის შედეგადაც ის მიზანში იქნა ამოღებული. ეს სამი მოვლენა ერთმანეთთან გარკვეულ ლოგიკურ კავშირშია. არ არის გამორიცხული, ადგილი ჰქონდეს დიდ პროვოკაციას, რათა დისკრედიტაცია მოეხდინათ ყველასი ერთად", - განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, სხვა საკითხია რამდენად იყო ადგილზე უსაფრთხოების ზომები დაცული.

"ვფიქრობ, გარშემო პერიმეტრი რომ განაღმული ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა, მაგრამ შეიძლება, ვცდები. ისლამისტური საფრთხე ნათელია ავღანეთის ოპერაციის გარეშეც. ამას ადასტურებს კავკასიის "იმარატის" და დევნილობაში მყოფი იჩქერიის მთავრობის განცხადებები. საქართველოს 120 ქვეყანასთან აქვს გამარტივებული სავიზო მიმოსვლა და მაგალითად, ნებისმიერ მალაიზიელს, რომელიც გადაწყვეტს ევროპის რომელიმე ქვეყანაში ტერაქტი მოაწყოს, შეუძლია, აქ ჩამოვიდეს და მოემზადოს", - აღნიშნა არეშიძემ. 

რაც შეეხება თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეოს, ექსპერტი მიიჩნევს, რომ განსხვავებით თალიბანის მიერ გადაღებული მარტივად აღქმადი ვიდეოებისა, აქ მთელი კინოს გადაღება მოხდა და საბოლოო ჯამში ამის მიზანი ნატო-ს დისკრედიტაცია და საქართველოს მოსახლეობის დაშინება იყო.

"მე ვიყავი წინააღმდეგი ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობის, თუმცა ეს მორალური კატეგორიებიდან გამომდინარე იყო. პოლიტიკური თვალსაზრისით, კარგად მესმის მიზანშეწონილობა ამ ოპერაციაში მონაწილეობის. საქართველომ უნდა მიიღოს მხარდაჭერა დასავლეთისგან, ავღანეთის IშAF-ის მისიაში მონაწილეობის გამო და ის ამ მხარდაჭერას იღებს, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ეკონომიკური დახმარებების თვალსაზრისით. ხელისუფლების ხელშია რამდენად დაინახავს ამ მხარდაჭერას ქვეყნის მოსახლეობა. ფაქტია, მოსახლეობამ ეს ვერ დაინახა და ამის მიზეზი ისიც არის, რომ ფინანსური დახმარებები ეკონომიკურ პროექტებს არ მოახმარეს. ასე რომ, დივიდენდებს ვიღებდით და ვიღებთ, მაგრამ 2008 წელს წინა ხელისუფლების ავანტიურული ქმედებების გამო ყველა ეს დახმარება გადაიფარა. საქართველოზე არავინ არ გიჟდება, თავისუფლად იყო შესაძლებელი, აქ კოსოვოს სცენარის გამეორებისა და დასავლეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა, ეს არ მოხდა ზუსტად იმიტომ, რომ საქართველო ცდილობს ევროატლანტკურ სივრცეში ინტეგრირებას, მათ შორის ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობით", - განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, სხვა საკითხია, რატომ გვყავს ამხელა კონტინგენტი, თანაც ჰელმანდში, ცეცხლის წინა ხაზზე და რატომ აქვთ მათ დაბალი ანაზღაურება. 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ სწორედ წინა ხელისუფლებამ გამოიდო თავი, რათა ქართველი ჯარისკაცები სწორედ ჰელმანდის პროვინციაში განლაგებულიყვნენ.

ამასთან, არეშიძის განცხადებით, ახლა რომც დადგეს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის საკითხი, ეს პროცესი მაინც გაიწელება იმ 5 თვის განმავლობაში, რაც მისიის ამოწურვამდე დარჩა.

მისივე თქმით, 1700 კაცის შეცვალა იქ შეუძლებელი იქნება და ეს პარტნიორის ბრძოლაში მიტოვებას ნიშნავს.

"ჩვენ ვდგავართ დილემის წინაშე, არ გამოიყვან - კატასტროფაა, გამოიყვან – სხვისთვის გახდება კატასტროფა, ასე რომ, ეს გადასაწყვეტად ურთულესი საკითხია", - აღნიშნა არეშიძემ.




ნინო ჩიჩუა
„პირWელი“

No comments:

Post a Comment